გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ავტომანქანების გადაადგილება აღდგენილია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ავტომანქანების გადაადგილება აღდგენილია. ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები სოფლის ცენტრალურ გზაზე. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ტექნიკით მოხდა გზის სავალი ნაწილის ნაშალისგან გათავისუფლება, რათა ავტომანქანებს გადაადგილების პრობლემა არ შექმნოდათ და ამის შემდეგ ქვა – ღორღის გატანა დაიწყო.

„ოპერატიულად დაიწყო კოორდინირებული მუშაობა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ უმოკლეს პერიოდში გაგვეთავისუფლებინდა გზის სავალი ნაწილი და ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილიყო. მთავარია, რომ მოვარდნილი ღვარცოფისა და ჩამოშლილი ქვა – ღორღის შედეგად არავინ დაშავებულა. სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება და ბოლომდე მოხდება გზის გაწმენდა.“ – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.

ატენის თემში უხვმა ნალექმა დღის პირველ ნახევარში პრობლემები შექმნა და შეიზღუდა ავტომანქანების გადაადგილება. ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა – ღორღი ჩამოიტანა და სოფლის ცენტრალურ გზაზე რამდენიმე ადგილას ჩახერგა. ამ დრომდე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, გაწმენდით სამუშაოებში მაქსიმალურად არიან ჩართული გორის მერიისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები