სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს:
“ვეხმაურებით პარტია „ევროპული საქართველოს” წევრის ლელა ქებურიას მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს არ არსებული ფაქტების მოშველიებით, საკუთარ ვარაუდებსა და სურვილებზე დამყარებული ინფორმაციის სინამდვილედ გასაღებას.
დღეს ,,ევროპული საქართველოს” წევრმა მდარე პოლიტიკური პერფორმანსის გამოყენებით, მედიას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და თქვა, რომ – აქვს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა 2000 ლარი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ დღეს გახარჯოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გამასპინძლებისთვის. მეტიც ლელა ქებურიას ფანტაზია მენიუს შედგენამდეც მივიდა.
ინფორმაცია არასწორია, ლელა ქებურიას რეალურად ხელთ ჰქონდა ოთხი ათას ლარიანი ხელშეკრულება, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მთელი 2021 წლის წარმომადგენლობით ხარჯებს წარმოადგენდა, არსებული თანხიდან გახარჯული მხოლოდ 1235 ლარია. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია წარმომადგენლობით ხარჯებს მხოლოდ ოფიციალური ვიზიტებზე ჩამოსული უცხო ქვეყნის დელეგაციების და საელჩოების ვიზიტებისას სწევს. ამდენად ლელა ქებურიას მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს 2000 ლარი დღეს მინისტრის სტუმრობის გამო დაიხარჯა მცდარია. ღიაა, როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბიუჯეტი, ასევე მისი ხარჯვითი ნაწილი, მეტიც რაში გასწია გასული ოთხი თვის განმავლობაში, 1235ლარის ხარჯი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ამის გარკვევა ნებისმიერ მსურველს შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში თავისუფლად შეუძლია.
ლელა ქებურიას მიზანს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ახალი სახელმწიფო პროგრამის ,,განახლებული რეგიონები” ფარგლებში ახალი პროექტების განხორციელებით გამოწვეული პოზიტიური ინფორმაციის გადაფარვა და ტყუილის ტირაჟირებით სახელმწიფო რწმუნებულის და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიმართ იმიჯის შელახვა წარმოადგენდა. ქებურიამ რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ტყუილის ტირაჟირება სწორედ მაშინ დაიწყო, რა დროსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამავე შენობაში სპეციალისტებთან ერთად რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტის ახალი ურბანული განვითარების პროექტებს განიხილავდნენ.
„ევროპული საქართველოს” იაფფასიანი პოლიტიკური მასკარადის გარდა არსებობს სიმართლე, რომელიც სულ სხვა რამეს ამტკიცებს. რეალურად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შემცირებულია, მეტიც სამი თვის განმავლობაში არსებული ეკონომიამ 30 ათასი ლარი შეადგინა, ცხადია ამაზე ლელა ქებურიას არაფერი უთქვამს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წლიური ბიუჯეტი სულ 890 000 ლარია (სახელფასო ფონდი, ავტოპარკის ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები და აშ), ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება ყოველწლიურად ხდება, მაგალითად 2020 წელს 84 ათასი ლარის ეკონომია მოხდა.
მოვუწოდებთ „ევროპულ საქართველოს“ ნუ ახდენენ ტყუილის ტირაჟირებას, ნუ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ბიუჯეტის მონიტორინგს არა კამერების წინ იაფფასიანი პოზიორობა, არამედ სიღრმისეული შესწავლა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნა სჭირდება.
ჩვენ მზად ვართ ყველა დაინტერესებულ პირთან, არასამთავრობო სექტორთან, მედიასთან ვითანამშრომლოთ, მივაწოდოთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ლელა ქებურიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუეში მათ კიდევ ერთხელ დაარწმუნებს”, – ნათქვამია განცხადებაში.