საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი, უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის(EIB) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი იქნება.
ახალი მრჩეველი ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში საჭიროა ეკონომიკის აღდგენის ახალი გეგმა, რომელშიც უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სპეციალური მრჩევლის ძირითადი ფუნქცია სწორედ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა იქნება.
კერძოდ, ვაზილ ჰუდაკი იმუშავებს უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზებაზე საქართველოს მთავრობის ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის; მას ურთიერთობა ექნება ევროკავშირთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისევე, როგორც საერთაშორისო სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებთან, საინვესტიციო ფონდებსა და ბანკებთან.
ვაზილ ჰუდაკი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე და უზრუნველყოფს მათ განხორციელებაში უცხოელი ინვესტორების – როგორც, ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ჩართულობას.