გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად საქართველოში იუნესკო-ს ექსპერტი ჩამოვა
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოს იუნესკო-ს ექსპერტი ეწვევა. ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანის განმარტებით, სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რომ 2008 წლიდან მოყოლებული გელათის მონასტრის რეაბილიტაციის დროს დაშვებული ხარვეზები გამოსწორდეს იუნესკო-ს მაღალი დონის ექსპერტი კი ტაძრის სახურავზე არსებულ მდგომარეობას შეაფასებს.
„გელათს ნამდვილად სჭირდება იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც გადახურვის პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია. ჩვენ დაახლოებით ექვსი კვირაა, რაც ვართ ახალშექმნილ სამინისტროში და ჩემმა პირველმა მოადგილემ, ბატონმა კახა სიხარულიძემ, მთელი თავისი წარსული დიპლომატიური გამოცდილება მოახმარა იმას, რომ ამ მოკლე ვადაში, მიუხედავად პანდემიისა, მივიღეთ იუნესკო-სგან თანხმობა და ივნისში გვეწვევა ცნობილი ექსპერტი, რომელიც ძეგლების გადახურვის სპეციალისტია და გააკეთებს შეფასებას. სწორედ ის გვეტყვის, თუ რამხელაა ზიანი. შეიძლება, მქონდეს ჩემი წარმოდგენა და ვარაუდები, როგორც ერთ ადამიანს, რომელიც არ არის ამ საქმის პროფესიონალი, თუმცა, ჩემი ვარაუდიც დოკუმენტებს ეყრდნობა და შემიძლია გითხრათ, რომ ზარალი არის საკმაოდ დიდი და ხარვეზების გამოსწორებასაც საკმაოდ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია. ძალიან დიდი შრომა იქნება ამისთვის საჭირო. უფრო კონკრეტულად კი, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური უცხოელი ექსპერტი. უცხოელი სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი საქმე დადგა ისე, რომ გვჭირდება უცხოელის ჩართულობა. მადლობა იუნესკო-ს, რომ დღევანდელი სტანდარტებით ძალიან სწრაფად, ივნისში მოავლინა ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი, რომელიც იტალიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.