გორში სახალხო დღესასწაული ოქონობა მსვლელობით აღინიშნა
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ქალაქ გორში სახალხო დღესასწაული ოქონობა აღინიშნება.
ოქონის ტაძარში სადღესასწაულო წირვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა. ამის შესახებ “კვირას” გორის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, წირვის შემდეგ მეუფე ანდრიამ ქალაქი დალოცა და ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გაიმართა.
დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრებოდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.
დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.
დღესასწაულის აღნიშვნის მივიწყებული ტრადიცია ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა.