ბოლნისის მერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე ვაქცინაციის კამპანიაში წითელი ჯვრის ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. წითელი ჯვარი ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მთლიანად ქვემო ქართლში ვაქცინაციის მსურველებს სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის პროცესში აქტიურ დახმარებას გაუწევს, რათა მათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლონ ვაქცინის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის გავლა.
,,ვაქცინაციის მსურველებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე 2 501 105 დარეკონ, რის შემდეგაც მოხალისეები მათ სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან. დავით შერაზადიშვილი წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაციის პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიურ ჩართულობასა და მხარდაჭერას დაჰპირდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.