ქუთაისი 2 მაისს გვირილობას აღნიშნავს
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ქალაქში ტრადიციული, ხალხმრავალი ღონისძიებები არ გაიმართება, თუმცა ქუთაისის მერიის ინიციატივით, რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა, ფესტივალი და გამოფენა ჩატარდება. ამის შესახებ “კვირას” ქუთაისის მერიიდან აცნობეს.
ქალაქის ცენტრალურ ბაღსა და „ვერიკოს სკვერში” მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების, ყვავილებისა და წიგნების გამოფენა-გაყიდვები, თოჯინებისა და ნიღბების თეატრების წარმოდგენები ღია ცის ქვეშ, მხატვრთა პლენერი.
ამ დღეებში ქუთაისი ორ საერთაშორისო ღონისძიებასაც უმასპინძლებს- 7 მაისს სტარტს აიღებს ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი, 8 მაისს კი გაიხსნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი.
დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება რეგულაციების დაცვით გაიმართება.