ტყიბულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს. უკვე ყოფილი ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ზაზა ჩაფიძე წარდგენილ ორივე ბრალდებაში გაამართლეს.
“განვაცხადე, რომ მე დავამტკიცებდი ჩემი მეუღლის უდანაშაულობას და ეს მოხდა ასე. ნაფიცმა მსაჯულებმა გუშინ ზაზა ჩაფიძე მთლიანად გაამართლეს, გამოვიდა გამამართლებელი ვერდიქტი, ბრალად ჰქონდა წარდგენილი მკვლელობა 108-ე მუხლით და ასევე იარაღის შეძენა-შენახვა-უკანონო ტარება 236-ე მუხლი. ორივე წარდგენილ ბრალდებაში ჩემი მეუღლე გამართლდა,” – თქვა ზაზა ჩაფიძის მეუღლემ ნინო მეფარიშვილმა.
ზაზა ჩაფიძის ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაამტკიცებდა.
“გუშინვე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა 7-დან 15 წლის ვადით. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით 8 საათი იფიქრეს ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და მათ 8/4-ზე ხმათა შეფარდებით მიიღეს ორივე ბრალდებაში გამართლების გადაწყვეტილება,” – თქვა გელა სორდიამ.
ცნობისთვის, ტყიბულში 35 წლის მამაკაცი ქუჩაში გასულ წელს ჩაცხრილეს.