მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
“პროექტის ფარგლებში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე მოეწყობა გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ლითონის ღობე. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის.
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2 378 432 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „კომფოტრი XXI” ასრულებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ასევე მიმდინარეობს ქალაქ მარტვილის № 1, სალხინოს, დიდი ჭყონის (ლედგებეს) და დოშაყეს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.