“რუსთავის აზოტში” მუშაობა კვლავ შეჩერებულია – გაფიცულმა თანამშრომლებმა აქცია განაახლეს

„რუსთავის აზოტში” მუშაობა კვლავ შეჩერებულია. 2000-მდე თანამშრომლის გაფიცვა გრძელდება. ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია „აზოტის“ თანამშრომლებმა დილიდან განაახლეს.

წარმოების ცენტრალულ შესასვლელთან საპროტესტო აქცია მესამე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტს, მოთხოვნის შესრულებამდე არ შეწყვეტენ.

გვიან ღამემდე გაგრძელდა მოლაპარაკებები მხარეებს შორის, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. საწარმოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების პროცესში მედიატორებად რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძე და პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი ჩაერთნენ.

საწარმოს ხელმძღვანელობის შეთავაზებაზე, დაბრუნებოდნენ სამუშაო ადგილებს და ერთი კვირის ვადაში აცნობებდნენ კონკრეტულად რამდენი პროცენტით შეძლებდნენ მათთვის ხელფასების გაზრდას, გაფიცულმა თანამშრომლებმა კატეგორიული უარი განაცხადეს.

„რუსთავის აზოტში“ ძირითადი პროდუქციის – ამონიუმის გვარჯილისა და ნატრიუმის ციანიდის წარმოებაა შეჩერებული. გაფიცულები სატვირთო მანქანებს სარეალიზაციო პროდუქციის გამოსატანად საწარმოს ტერიტორიაზე არ უშვებენ. საწარმოდან მხოლოდ ჟანგბადის ცისტერნები გამოდის, რომელითაც სამედიცინო დაწესებულებები მარაგდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები