საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ” ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში ერთობლივი მედია ტური მოაწყო
“საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ” (NALAG), ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის – UNDP საქართველოს პროექტების ფარგლებში, ოზურგეთში ერთობლივი მედია-ტური მოაწყო. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მედია ტურის მონაწილეებისათვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პირდაპირი ტრანსლაციის გამოყენებით, ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა.
“გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის სტანდარტების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით განახლდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი www.ozurgeti.mun.gov.ge, რომელიც გამოირჩევა მარტივი საძიებო სისტემით, ინტეგრირებული სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმებით და იძლევა საშუალებას უზრუნველყოს მოქალაქეთა მონაწილეობა და გამჭვირვალობა. გარდა ამისა, ვებ-გვერდზე გაჩნდა შესაძლებლობა გამოიწერონ სიახლეები და მიიღონ სახელობითი SMS შეტყობინებები, ისარგებლონ პეტიციის ონლაინ სისტემით, რომლიც საკრებულოში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს. დღემდე მოქალაქეებმა ელექტრონულად 24 პეტიცია წარმოადგინეს.
მედიის წარმომადგნელები ასევე გაეცნენ, მონაწილეობითი ბიუჯეტის ონლაინ პლატფორმას – „იყავი თანამმართველი“. სამოქალაქო ბიუჯეტის საშუალებით, მოქალაქეები მონაწილეობენ ბიუჯეტის დაგეგმვაში და შეუძლიათ დააფინანსონ ოზურგეთის ინფრასტრუქტურული პროექტები ონლაინ ვაუჩერების გამოყენებით. „იყავი თანამმართველში“ მოქალაქეთა ჩართულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და აქტიური ამომრჩევლის დაახლოებით 40% – შეადგინა. სამოქალაქო ბიუჯეტის ეს ფორმა, 2020 წლის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია.
ელექტრონული სერვისების შესახებ ინფორმაცია მედიას საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ და მერის მრჩეველმა ალეკო ბერიძემ გაუზიარეს.
მედიის წარმომადგნელებს მიესალმა და გამოხატული ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია. მანვე ელექტრონული სერვისების, ღია მმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ოზურგეთი არის ერთ-ერთი პირველი ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც 2016 წელს შეუერთდა OGP საქართველოს ეროვნულ პროცესს. უკვე დანერგილი ელექტრონული სერვისებითა და ინოვაციური, ციფრული ინსტრუმენტების დანერგვით, რომლებიც უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას, ოზურგეთი ღია მმართველობის ადგილობრივ პროგრამის წევრადაც აირჩიეს. ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ OGP პრინციპების დანერგვას და არსებული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკების გაზიარებას,” – აღნიშნა დავით დარჩიამ.
როგორც “რეგიონულ კვირას” ოზურგეთის მერიიდან აცნობეს, შეხევდრის დასასრულს, ანასეულის დასახლებაში, „იყავი თანამმართველი“-ს პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი – მინისტადიონი მოინახულეს და იქვე მიიღეს მონაწილეობა ახალი პროექტის „დასასვენებელი სივრცე ყველასათვის“ პროექტის პრეზენტაციაში, რომელიც პროექტის ავტორებმა ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინეს.
“საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია” (NALAG), ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის – UNDP საქართველოს პროექტების ფარგლებში, მედია ტურს 6 მუნიციპალიტეტში ოზურგეთში, სენაკში, ფოთსა და ცაგერში, მართავს.