თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ხუთი ოჯახისათვის სახლების მშენებლობა დაიწყო
მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ადგილობრივ ბიუჯეტში სახლდაზიანების პროგრამის ეფექტური მუშაობისთვის თანხა 175 000 ლარამდე გაიზარდა , რომლის ფარგლებში 5 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” თერჯოლის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ თერჯოლასა და სოფელ სიქთარვაში სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროცესებს გაეცნო და მშენებლებს ვადებისა და ხარისხის დაცვის შესახებ ესაუბრა.
,, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ,,სახლდაზიანების“ ქვეპროგრამის ფარგლებში სულ სამი სახლი აშენდა. მიმდინარე წელს კი ხუთი სახლის მშენებლობა დასრულდება, პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს. ჩვენ ვიზრუნებთ სახლდაზიანების პროგრამა კიდევ უფრო მასშტაბური და ეფექტური გავხადოთ, რათა თითოეული სოციალურად დაუცველი ოჯახის ცხოვრების პირობები გავაუმჯობესოთ.“-განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზები2“ ახორციელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.