ძველი ხიბულას მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის პროექტების განხორციელებას აგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძველი ხიბულას 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის, სადაც ახალი სისტემები შენდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი მოხმარდება.

სამუშაოების პროგრესს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, მხარის გუბერნატორთან, მალხაზ თორიასთან და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და კონტრაქტორისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია პროექტით გათვალისწინებულ შემდეგ სამუშაობზე.

„სოფელ ხიბულაში ჩვენი სამინისტრო ორი მიმართულებით მუშაობს, ეს არის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა და გზების დაგება. ამჟამად, წყლის პროექტის მშენებლობის 50% უკვე შესრულებულია. მოეწყო 13 კმ-მდე ქსელი, კეთდება რეზერვუარი და ღია წყალაღების სისტემა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წლის გაზაფხულზე ეს პროექტი დასრულდება და სოფლის მოსახლეობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლით ისარგებლებს“, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

დღეის მდგომარეობით, სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს და მოსახლეობა ინდივიდუალურად მოწყობილი ჭებიდან მარაგდება.

პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფელში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას და 300-მდე ოჯახს სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდებით უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები