3-12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი შეიზღუდება

3-12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება  უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ განიხილა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა როგორც მთელს მსოფლიოში, ისე – საქართველოში. აღინიშნა, რომ, ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, პრემიერმინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, როგორც დამატებითი საწოლფონდის მობილიზების, ისე მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგების მართვის კუთხით და აღინიშნა, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი სისტემა მზად არის, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ჯგუფების ტესტირება, მაისის განმავლობაშიც სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა; პარალელურად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები