დალი ცატავა: მივესალმები ,,რეგიონების განახლების” პროგრამას, მნიშვნელოვანი მესიჯია ის, რომ არამატერიალურ და მატერიალურ ფასეულობებზე კეთდება ამხელა აქცენტი
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტის, დალი ცატავას განცხადებით, პრემიერის ინიციატივა ,,რეგიონების განახლების” შესახებ მისასალმებელია.
როგორც დალი ცატავამ ,,კვირასთან” საუბარში აღნიშნა, უფრო მეტი თანხები უნდა ჩაიდოს ტურიზმის განვითარებაში და აქცენტი, რასაც პრემიერი აკეთებს შიდა ტურიზმზე, ძალიან კარგია.
,,მივესალმები ,,რეგიონების განახლების” პროგრამას, მნიშვნელოვანი მესიჯია ის, რომ არამატერიალურ და მატერიალურ ფასეულობებზე კეთდება ამხელა აქცენტი. მატერიალური და არამატერიალური ფასეულობები ჩვენი ქვეყნის ,,ფიშკაა”, რადგან ძირძველი ცივილიზაცია ვართ, რაც გვაძლევს უფლებას, რომ ასევე სხვა ძირძველი ცივილიზაციების გვერდთ დავდგეთ ისტორიით, კულტურით, ეთნოგრაფიით, გასტრონომიული კულტურით და ა.შ. ამის სწორი პოზიციონირება ეკონომიკის განვითარების საშუალებას მოგვცემს. უფრო მეტი თანხები უნდა ჩაიდოს ტურიზმის განვითარებაში და აქცენტი, რასაც პრემიერი აკეთებს შიდა ტურიზმზე, ძალიან კარგია. როგორც მოქალაქე, როგორც საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი, როგორც რიგითი მკვლევარი ვთხოვდი პრემიერს, რომ გაუწიოს ლობირება გასტრონომიული ტურიზმის როლის ზრდას, რადგან ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო და ამის საშუალებით გაგვიცნო მსოფლიომ. ამის შეფუთვა და სწორი პოზიციონირება, ჩვენი გასტრონომიული კულტურის მსოფლიო ბაზარზე გატანა, კიდევ უფრო ცნობილს გახდის ჩვენს ქვეყანას. ეს ნიშნავს, რომ ადგილზე დარჩება მოსახლეობაც, რაც სამუშაო ადგილების ზრდას შეუწყობს ხელს, ასევე იქნება რეგიონებისთვის შემოსავლის წყარო და ტურისტებიც შემოვლენ.
ყველა მესიჯი, რაც გაჟღერდა და თანხები, რაც ჩადებულია, მივესალმები. გასტრონომიის ასოციაცია ტურიზმის ასოციაციასთან ერთად ყოველთვის მონაწილეობს მსგავს პროექტებში და ათჯერ უფრო მეტი ძალებით მზად ვართ, ჩავერთოთ აღნიშნულ ინიციატივაშიც,”- განუცხადა ,,კვირას” დალი ცატავამ.