მარტვილში ბაღების მშენებლობა გრძელდება
მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” მარტვილის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ლეციცხვაიეს საბავშვო ბაღში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე ახვლედიანმა დაათვალიერეს.
“ხუნწის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლეციცხვაიეში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება. პროექტის ღირებულება 340 146 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ალფა-8“ ასრულებს.
საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.