მირზა ნოზაძე: მთავრობის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჰესი მაინც აშენდება, დღეს სხვადასხვა ქალაქში გვექნება აქცია

მთავრობის განცხადებაში, რომელიც თითქოს შერბილებულ პოზიციას გამოხატავს, ვკითხულობთ, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება, – ამის შესახებ „ნამოხვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მირზა ნოზაძემ მთავრობის გადაწყვეტილებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ხელოვნურად დეესკალაციას.

ნოზაძის განმარტებით, დღეს აქციები სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

„ჩვენ ვნახეთ მთავრობის განცხადება, სადაც ჩანს ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ ის ცდილობს პროტესტის ორგანიზატორების მოთხოვნები უგულებელყოს, გადავიდეს ისევ იგნორის პოზიციაში. დღევანდელი განცხადება არის ჩვენი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა. ანუ ისინი არ აკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, რომლებიც გამომდინარეობდა უმნიშვნელოვანესი აღიარებიდან. შესაბამისად იმ განცხადებაში, რომელიც თითქოს ხელისუფლების შერბილებულ პოზიციას გამოხატავს, ვკითხულობთ, რომ ჰესი ყველა ვარიანტში აშენდება და ცდილობენ ვექტორის გადატანას სხვა მიმართულებით, რათა მოხდეს პროტესტის დეესკალაცია არა ბუნებრივად, არამედ ხელოვნურად.

დღეს ჩვენ გვექნება აქციები სხვადასხვა ქალაქში. ჩვენ აუცილებლად დავანახებთ ხელისუფლებას, რომ ანგარიში უნდა გაუწიონ ხალხს და აუცილებლად ისაუბრონ პროტესტის აქტორებთან იმ კითხვებზე, რომლებიც გვაქვს ჩვენ“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ადმინისტრაციამ “ნამახვანჰესის” მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები