ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება – დასჯილი მღვდლები იმ ტაძარში მივიდნენ, სადაც მეუფე სტეფანე წირავს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში, ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში, სადაც მეუფე სტეფანე წირვას აღავლენს, ის სასულიერო პირები მივიდნენ, რომელთა განკვეთას მიტროპოლიტი დღეს აპირებს.

მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მეუფე წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადებს.

დაპირისპირებულ მხარეს ეკლესიის ეზოში მრევლის ნაწილი დახვდა და მათ ეკლესიის ეზოს დაეტოვებისკენ მოუწოდეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეპარქიაში მსახური კონკრეტული სასულიერო პირების უკან დგას ეპარქიის ყოფილი მეუფე პეტრე ცაავა, რომლის მიზანიც ქართულ ეკლესიაში შუღლისა და დაპირისპირების შეტანაა, რაც მათთვის მიუღებელია.

მღვდელმსახურების უფლებაშეწყვეტილი სასულიერო პირები ქადაგების დასრულებას ელოდებიან.

მათი განცხადებით, მიტროპოლიტთან შეხვედრა ხვალინდელ, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სურთ. საუბარია მეუფის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე, სადაც მიტროპოლიტი მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა რეგიონიდან სალხინოს მამათა მონასტერში ჩავიდნენ. სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ ეს არის პროვოკაციული განცხადება და ხვალ მრევლის მობილიზება ურთიერთდაპირისპირებას გამოიწვევს.

“მე საშიშროებად მიმაჩნია, მთელი საქართველოს მოსახლეობის აქ ჩამოყვანა. შეკითხვა მაქვს მეუფე სტეფანესთან, რატომ არ მიმართა ეპარქიის მრევლს, რატომ მიმართა საქართველოს მოსახლეობას, მას ჯერ უნდა მიმემართა სოფლის მოსახლეობისთვის, შემდეგ ეპარქიის მოსახლეობისთვის, რომ მოდით წირვაზე და პრობლემა მოვაგვაროთ.
მეუფე სტეფანე უპროგნოზო კაცია, არ ვიცი, დღეს რა გადაწყვეტილებას მიიღებს.”- აცხადებს იღუმენი დანიელი.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები