მთავრობის ადმინისტრაცია “ნამახვანჰესის” მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიღებულ გადაწყვეტილებას ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით “ნამახვანჰესის” მშენებლობაზე მოროტირიუმი ცხადდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჰესის მშენებარე კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას იყსტიციის სამინისტრო შეისწავლის.
“პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან” დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.
საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის” გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.
საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან”. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.
კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.
კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.
ასევე, „ნამახვანჰესის” მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონისფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართადდა კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ”, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.