ხელვაჩაურში დამშრობი არხები იწმინდება – პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, სამინისტროს 2021 წლის პროგრამის ,,სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია’’- ფარგლებში, ხელვჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში და ახალსოფელში სამი დამშრობი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრო. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, არხების ჯამური სარეკონსტრუქციო სიგრძე შეადგენს 5.606 კმ. მიმდინარე სამუშაოების შედეგად 38 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი, რომელიც მოემსახურეება 200-მდე ოჯახს. პროექტის ღირებულება 62 712 ლარია.
პროგრამის მიზანს წარმოადგენს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული დამშრობი, სარწყავი და შიდაქსელური არხების რეაბილიტაციას.
სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქციის ფარგლებში, 2021 წელს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებულ 22 სარწყავ და დამშრობ არხებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.