წიგნები უცნობებს – გორში მერიამ და ადგილობრივმა მწერლებმა წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
წიგნები საჩუქრად ქუჩაში გამვლელებს – აქცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და მწერალთა სახლის ორგანიზებით გაიმართა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს, სხვადასხვა ავტორთა წიგნები, ასევე ჟურნალების ,,მწიგნობარისა“ და ,,აი იას“ რამდენიმე ნომერი საჩუქრად გადაეცა შინდისის გმირების სახელობის ბიბლიოთეკასაც, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში პედაგოგის და სამოქალაქო აქტივისტის სუზი ბერიძის ინიციატივით ფუნქციონირებს.
,,წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანი აქტივობაა და წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, განსაკუთრებით ჩვენს რეალობაში, როცა ახალგაზრდები სულ უფრო მეტად იყენებენ ინტერნეტს და წიგნის მიმართ ინტერესი თანდათან მცირდება. თანაც წიგნის გაჩუქება სასიამოვნო ჟესტია, ამიტომ დღეს სიამოვნებით შევუერთდით მწერალთა სახლის ამ ინიციატივას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ეს პოზიტიური აქტივობა საყოველთაო ტრადიციად იქცევა.“ – განაცხადა გორის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ლელა მაისურაძემ.
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ23 აპრილი 1995 წელს იუნესკომ გამოაცხადა. მისიაღნიშვნა 1996 წლიდან დაიწყო. ამ დღეს წიგნების გაჩუქების იდეა კი ქართველ მწერალს გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.