“მე ქრისტეს მონა და მორჩილი ვარ, არა სტეფანესი, შორენასი და რუსების” – მამა დანიელი
სტეფანეს მონა ვერ გავხდები. მე ქრისტეს მონა და მორჩილი ვარ, არა სტეფანესი, შორენასი და რუსების, – ასე გამოეხმაურა სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის უკვე ყოფილი წინამძღვარი მეუფე სტეფანეს განცხადებას, რომლის მიხედვითაც მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი ე.წ. ამბოხებული სასულიერო პირებისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს.
მამა დანიელის თქმით, მას საბოდიშო არ აქვს.
მისივე განცხადებით, უფლებამოსილება შეწყვეტილი სასულიერო პირები ეპარქიას უახლოეს დღეებში დატოვებენ.
„რაც უნდა ის ქნან. მოვიდეს სტეფანე და დავხვდები, მთელი საქართველოს ხალხი მოიყვანოს. მრევლი ვინც მირეკავს, გავაფრთხილე, რომ არავინ მოვიდეს, მაქსიმალურად მოვერიდოთ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. წავალ ალბათ, არ არსებობს ადგილი, ღმერთი რომ ვერ ვნახო. ჩვენ თუ წავალთ, ყველა წავალთ, უსამართლობას ვერ შევეგუებით, სტეფანეს მონა ვერ გავხდები. მე ქრისტეს მონა და მორჩილი ვარ, არა სტეფანესი, შორენასი და რუსების“, – აცხადებს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი.
მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ტაძარში წირვა-ლოცვას მეუფე სტეფანეს მიერ ხელდასმული ახალი მღვდელმსახური აღავლენს.
შეგახსენებთ, გუშინ, ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
მამა ათინოგენეს განცხადებით, მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთი ერისკაცის ამბიონზე ასვლა იყო – „ლოცვის დროს ადამიანებს ასწავლის ჭკუას“.