ეკატერინე ტიკარაძე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ რუხში ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეების სწრაფი ტესტირების პროცესს გაეცნო.

დაათვალიერა ის სამედიცინო პუნქტები, სადაც მოქალაქეებს ანტიგენზე ტესტირება უტარდებათ.

„ორშაბათიდან დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ჩვენ ენგურის ხიდზე ვახდენთ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეების ტესტირებას. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც თავის მხრივაც ითვალისწინებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ეპიდვითარების კვლევასა და ასევე მიზანმიმართულად ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფასა და მათ უსაფრთხოებას.

ამ ეტაპზე გამოსულია 1200-მდე ადამიანი დღიური საშუალო მაჩვენებელი არის 300 ადამიანი. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ ორ მოქალაქეს დაუდასტურდა კოვიდი. დანარჩენი მოქალაქეები არიან ჯანმრთელები, ეს არის ჩვენთვის ძალიან სასიხარულო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მეოთხე დღეა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს სწრაფი ტესტირება უტარდებათ. ადგილზე მობილიზებულია 4 სამედიცინო პუნქტი და სპეციალური კარვები დაყოვნებისთვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები