გუდაურის საბაგიროზე მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ 2 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, ე.წ „საძელე“-ს მთაზე, მომხდარი საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მემანქანე-ოპერატორებს, ვ.ო.-სა და ლ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში ე.წ „საძელე“-ს მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტრო ენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა – შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თანამშრომლებმა – ვ.ო.-მ და ლ.წ.-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს“ – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურამ ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია) წარუდგინა, რაც ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები