გორში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში შეჩერებული ავტომანქანის გადამოწმების შედეგად, სამალავში ერთი კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იქნა ნანახი. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ავტომანქანა და მასზე განთავსებული ფიცარი დაილუქა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.