ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

ბათუმში, N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა. ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ.
მათი განმარტებით, პატიმარმა თვითდაზიანება აღელვების ნიადაგზე მიიყენა. მას დაწესებულების მედპერსონალმა სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია.

“მსჯავრდებული ე.მ. (დაბადებული 17.03.1991წელს) სასჯელს იხდის 2013 წლიდან საქართველოს სსკ 179-ე მუხლის (ყაჩაღობა) საფუძველზე.

მიმდინარე წლის 20 აპრილს მსჯავრდებულმა აღელვების ნიადაგზე მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა. დაწესებულების მედპერსონალის მიერ მას დაუყოვნებლივ გაეწია სამედიცინო დახმარება და ორჯერ შეეთავაზა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა, რაზეც მსჯავრდებულმა განაცხადა უარი. ამ პერიოდის განმავლობაში იგი დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მხოლოდ მოგვიანებით, მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ მსჯავრდებული დათანხმდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანას, სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია.

მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილურია და სამოქალაქო სექტორის კლინიკის მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.

ინფორმაციისთვის, მსჯავრდებულს პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში არა ერთხელ აქვს თვითდაზიანება მიყენებული და ჩატარებული აქვს მრავალჯერადი ლაპარატომია”,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები