“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ხელისუფლებას, მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების დროული მიღებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, აქციების გაგრძელება სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
“ვართ მოლოდინის რეჟიმში და ველოდებით პასუხს პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, პასუხის მიღებისთვის გონივრული ვადა იწურება. ნამდვილად არ შეიძლება, ასე უთავბოლოდ გაგრძელდეს პროცესი, რადგან მათ თქვეს რამდენიმე დღე ამისთვის, რაც პრინციპში, უკვე გადის. არც ისე გვინდა, რომ რადგან შეთანხმება იყო ამ რამდენიმე დღეზე, დავასწროთ მოვლენებს და ვიჩქაროთ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს ხელოვნურად წელავენ დროს და ამის შემდეგ იტყვიან უარს. ეს მეტად გამოიწვევს მთელი საზოგადოების ღელვას და გაბრაზებას“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.