მოსამართლემ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა აიცილა

თელავის რაიონული სასამართლოზ მოსამართლე მამუკა წიკლაურმა თელავის ცენტრალური სავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვა აიცილა. სხდომაზე, მოსამართლის აცილების შუამდგომლობა პროკურატურამ დაზარალებული მხარის ინტერესიდან გამომდინარე დააყენა.

საქმის პროკურორის თქმით, მიზეზი ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილთან წარსულში მოსამართლის ახლო ურთიერთობაა.

სხდომაზე მოსამართლემ განმარტა, რომ მისი მხრიდან საქმის ობიექტურად წარმართვაზე ეჭვის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მხარეებს გარკვეული ეჭვები რომ არ გაუჩნდეთ, ზანდარაშვილის საქმეს სხვა მოსამართლე განიხილავს.

მოსამართლესთან ახლო ურთიერთობა და მეზობლური კავშირი დაადასტურა თავად ბრალდებულმაც.

საქმის განხილვა ბრალდებულის მოთხოვნით ნაფიცმსაჯულებს გადაეცათ, თუმცა მათი შერჩევის პირველი ეტაპი მოსამართლის აცილების მიზეზით გადაიდო.

შეგახსენებთ, თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, გასული წლის დეკემბერში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სოფელ იყალთოში მოკლა.

გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები