რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია ამ დრომდე გრძელდება.
„საქართველო არ იყიდება, არა ნამოხვანჰესს“ – ამ წარწერებით აქტივისტებმა „გუმათჰესთან“ აღმართულ რკინის ბარიკადებზე ბანერები გააკრეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათ ორი პირობა აქვთ – 1. დიალოგისთვის შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ან მის სპეციალურ წარმომადგენელს და 2. ადგილიდან აიღონ რკინის ბარიკადები, რათა პროტესტის გაგრძელება მშვიდობიან ფორმატში შეძლონ.
„ბარიკადებზე ძალით გადასვლას არ ვაპირებთ. ძალადობრივად არ ვცდილობთ არაფრის გადაწყვეტას. ვფიქრობთ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა მთელ ამ პროცესში იმდენად დიდია, რომ ნამდვილად არ გვჭირდება არაფრის სროლა, რადგან ამ პრობლემას ისედაც გადავწყვეტთ, ჩვეულებრივად. ჩვენი სურვილია, რომ პროცესები არ შევიდეს ჩიხურ მდგომარეობაში, მათ შორის, ხელისუფლებისთვის და ჩვენთვისაც. ამიტომ, განმუხტვისათვის ჩვენ თვითონ მოვუწოდებთ, რომ რაღაც გააკეთონ, თუ გადმოდგამენ ამ ნაბიჯებს, განიმუხტება. არ გადმოდგამენ? მიიღებენ იმას, რასაც მიიღებენ“, – აცხადებს გოლეთიანი.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრას აღარ აპირებენ, რადგან ერთხელ შეხვედრიდან უკვე “გაიპარა”.
„იცით, რომ მუნიციპალიტეტის შენობაში უნდა განგვეხილა მიწის და ხელშეკრულების საკითხი, ამ საკითხზე კომპეტენტური პირი, მერაბ ლომინაძე არ არის და მას არ შევხვდებით. ასევე არ შევხვდებით ნათია თურნავას, იმიტომ, რომ ის შეხვედრიდან გაიპარა და შეურაცხყოფა მოგვაყენა. ამიტომ, თუკი მოვა გადაწყვეტილების მიმღები, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ან გამოყონ და გამოუშვან ისეთი ადამიანი ვისაც ამ პრობლემის გადაწყვეტის ლეგიტიმაციას მიანიჭებენ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.