დღესაც მოვითხოვთ, რომ აიღონ ეს კედელი და გაგვითავისუფლონ გზა, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა მას შემდეგ განცხადა, რაც აქციის მონაწილეები ქუთაისიდან გუმათში დაბრუნდნენ.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბური აქციები და ყველა ქალაქსა თუ რეგიონში პიკეტირება დაიწყება.
„დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ, რომ გადავაადგილდეთ ნამოხვანისკენ, სადაც ჩვენ კარვები გვქონდა გაშლილი და ჩვენი ძირითადი პროტესტის ადგილი იყო ნამოხვანი. ახლა, როგორც ხედავთ, აქ ისევ რკინის ჯებირებია აღმართული და დღესაც მოვითხოვთ, რომ აიღონ ეს კედელი და გაგვითავისუფლონ გზა. ასე თუ არ მოხდება, რა თქმა უნდა, როგორც გუშინ აქციაზე დავაანონსეთ, მოვუწოდებთ მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას, რომ თავიანთ სივრცეებში მოახდინონ პიკეტირება. ამით ვაჩვენებთ ხელისუფლებას სახალხო ძალას. თუ ამ ყველაფერს არ გაითვალისწინებენ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ დავიძრებით დედაქალაქისკენ ყველა რეგიონიდან და გავმართავთ პერმანენტულ აქციებს. გადაიკეტება მათ შორის ავტობანიც“, – განაცხადა გოლეთიანმა.
რაც შეეხება რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ხელისუფლებას იმ შემთხვევაში დაელაპარაკებიან თუ სოფელი ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება მიეცემათ.
„მინდა, მკაიფოდ ვთქვა, რომ საპატრიარქომ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება და დიალოგისკენ მოუწოდა მხარეებს. ჩვენ რა თქმა უნდა, თავიდანვე საგანი იყო და მოთხოვნა, რომ ყოფილიყო დიალოგი და შინაარსობრივ განხილვებში შემოსულიყო ხელისუფლება. ამიტომ თუკი ისინი მზად იქნებიან, რომ აიღონ კედელი, დავბრუნდეთ ნამოხვანში, ჩვენი კარვების სივრცეში, გადაწყვეტილების მიმღები მოვიდეს ჩვენთან და დაგველაპარაკოს. ვართ დამოკიდებული ამ პროცესზე. ის, რომ პირდაპირ გადავინაცვლოთ ან პირდაპირ ბლოკირება, პიკეტირება იქნება, ასე არ არის. რადგან დიალოგის სურვილი არსებობს, თუ შექმნიან სივრცეს დიალოგისთვის, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. დინამიურად დავხვდებით ამ პროცესებს. გადაწყვეტილების მიმღები არ არის ნათია თურნავა, ვის გადადგომასაც ვითხოვთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ალბათ პრემიერი ჩაითვლება გადაწყვეტილების მიმღებლად. შესაძლოა, პრემიერმა დანიშნოს წარმომადგენელი და მიანიჭოს ლეგიტიმაცია. ვინც იქნება გადაწყვეტილების მიმღები ამ პროცესში, მოვიდეს და გველაპარაკოს. ოღონდ ნამოხვანის სივრცეში უნდა შედგეს აუცილებლად“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქომ გუშინ განცხადება გაავრცელა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.