აშშ-ს საელჩოს პროექტის ფარგლებში მოძრაობის თეატრი ჯავახეთში სამ დღიან ტურნეს მართავს

დღეს სამცხე-ჯავახეთში მოძრაობის თეატრის 3 დღიანი საგასტროლო ტურნე დასრულდება. ტურნეს ფარგლებში ახალციხეში გაიმართება მოძრაობის თეატრის კარნავალი, ჯემ სეიშენი და ქართულ-ამერიკული მიუზიკილი „თამადა მანჰეტენზე”, რომელიც ამერიკელმა რეჟისორმა პოლ გორდონ ემერსონმა 2019 წელს მოძრაობის თეატრში დადგა.

ეს არის ვაშინგტონის თეატრის Сompany E-ს და მოძრაობის თეატრის ერთობლივი მიუზიკლი, ამერიკული და ქართული თეატრების კოლაბორაციის პროექტის ფარგლებში.

აღნიშნული პროექტი, მოძრაობის თეატრმა კიდევ ერთი ახალი პროექტის ფარგლებში გააგრძელა. ეს არის აშშ-ს საელჩოს ალუმნი გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი “ინტერნაციონალური კულტურა ინტეგრაციისთვის”, რომელიც სამცხე-ჯავახეთში ხორციელდება.

პროექტი სამ ეტაპს მოიცავს: პირველი ეტაპის ფარგლებში, მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა იოსებ ბაკურაძემ, მესხეთის თეატრში, ამერიკელი დრამატურგის იუჯინ ონილის პიესა “წყურვილი” დადგა. პრემიერა 6-7 აპრილს გაიმართა. ეს არის სპექტაკლი ენობრივი ბარიერის გარეშე, ნებისმიერი ეროვნების მაყურებლისთვის.

მე-2 ეტაპის ფარგლებში, მოძრაობის თეატრის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ახალციხეში მასტერკლასები ჩაატარეს: თანამედროვე თეატრი და სასცენო ხელოვნება, სანდრო ნიკოლაძის Jam Session-ის მასტერკლასი, ღონისძიებების PR და მარკეტინგი, სოციალური მედიის მენეჯმენტი, ივენთ მენეჯმენტი.

მე-3 ეტაპი კი ქართულ-ამერიკული მიუზიკლის “თამადა მანჰეტენზე” გასტროლს ითვალისწინებს, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა, და ახალციხეში.

პროექტის მიზანია მოძრაობის თეატრის, როგორც მრავალ პროფილიანი ინტერნაციონალური კულტურის ცენტრის კონცეფციის გაზიარება, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონისთვის. მრავალი წელია მოძრაობის თეატრის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაზე სხვადსხვა ეროვნების მაყურებელი იყრის თავს და თბილისში ერთგვარ ინტერნაციონალურ კულტურის ცენტრად იქცა. მოძრაობის თეატრის კონცეფციის გაზიარება ადგილობრივ ახალგაზრდებს დაეხმარება ისეთი ღონისძიებების დაგეგმვაში, სადაც ყველა ეროვნების ადამიანი შეძლებს თავმოყრას, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრაციის პროცესს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები