რიონის ხეობაში, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი არანაირი ურანის საბადო არ არის,- ამის შესახებ გეოლოგმა და საბადოების სპეციალისტმა არჩილ მაღალაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მეტიც, მისი თქმით, იქ რომ საბადო ყოფილიყო, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან გვეცოდინებოდა.
„სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში გავრცელდა ძალიან ბევრი არაპროფესიონალური მოსაზრება, მათ შორის, გასულ წელს აბასთუმანთან დაკავშირებითაც იყო ასეთივე აზრი გავრცელებული, რომ იქაც ურანის საბადო გვაქვსო.
მინდა გითხრათ, რომ ურანი ყველაზე ადვილი აღმოსაჩენია. ეს არის რადიაქტიური ნივთიერება და მისი აღმოჩენა ძალიან მარტივია. იქ რომ საბადო ყოფილიყო, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან გვეცოდინებოდა. გეტყვით, რომ არანაირი ურანის საბადო იქ არ არის“, – განაცხადა არჩილ მაღალაშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა წიაღის ეროვნული სააგენტოც და განმარტა, რომ რიონის აუზში ურანის საბადოები არ არსებობს. ამავეს ამბობს საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე თვალჭრელიძეც და განმარტავს, რომ საქართველო ურანის არშემცველი პროვინციაა.