შუახევში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 628 000 ლარი გამოიყო

შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 628 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დასრულდა.

მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ომარ ტაკიძის თქმით, კონსულტაციები და კრებები გაიმართა მუნიციპალიტეტის 64 სოფელში. სოფლების უმეტეს ნაწილში პრიორიტეტებად გარეგანათების მოწყობა განისაზღვრა.

გარდა ამისა, განსახორციელებელ პროექტებად შეირჩა შიდა გზების რეაბილიტაცია, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება, სანიაღვრე არხების გაკეთება, წისქვილების რეაბილიტაცია და ა.შ.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში 10- დან 16 – ათას ლარამდე ღირებულების პროექტი დაფინანსდება და 100-ზე მეტი ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობა მოსახლეობამ თავად განსაზღვრა. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიოდში მათი განხორციელება დაიწყება“-  განაცხადა ომარ ტაკიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები