თბილისსა და ქუთაისში დამატებით ორი კოვიდსასტუმრო ამოქმედდა
საქართველოში კოვიდსასტუმროების რაოდენობა ორით გაიზარდა და თბილისსა და ქუთაისში ახალი დაწესებულებები ამოქმედდა. მიზეზი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების მხრიდან მოთხოვნის ზრდაა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით შვიდი კოვიდსასტუმრო და ექვსი საკარანტინე სასტუმრო მოქმედებს.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, კოვიდინფექციის გავრცელების პიკურ პერიოდში, ნოემბერში, ქვეყანაში 78 კოვიდსასტუმრო ფუნქციონირებდა. საკარანტინე სასტუმროების მაქსიმალური რაოდენობა კი სექტემბერში დაფიქსირდა, როდესაც მსგავსი დაწესებულებების რაოდენობა 115 იყო.
რაც შეეხება კოვიდკლინიკებს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების პიკზე ქვეყანაში 110 კოვიდკლინიკა ფუნქციონირებდა, ახლა კი მათი რაოდენობა 65-ია. ესენია, როგორც კოვიდკლინიკები, ისე ჰიბრიდული რეჟიმით მომუშავე სამედიცინო დაწესებულებები.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი.
„ეს მიმდინარე პროცესია და იმისდა მიხედვით, რა საჭიროება იქნება, არსებობს კლინიკებში საწოლების დამატების შესაძლებლობა, რადგან ამ კლინიკების ნაწილი ფუნქციონირებს ე.წ. ჰიბრიდულ რეჟიმში, ანუ მათ შეუძლიათ, მალევე დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას კოვიდის მართვასთან მიმართებაში. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა გარკვეული დემობილიზაცია 21 აპრილიდან, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა და კლინიკებს ვთხოვეთ, გააგრძელონ ფუნქციონირება კოვიდის მართვის რეჟიმში“, – აღნიშნა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.