ხმაური რიონის ხეობაში – კომპანია “ენკას” ოფისთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

სოფელ გუმათის ტერიტორიაზე კომპანია “ენკას” ერთ-ერთი ოფისის ტერიტორიაზე აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათ თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობა მიეცეთ. ამ წუთებში ადგილზე სიმშვიდეა.

აქტივისტების კითხვაზე თუ რატომ არ შეიძლება მათი მშვიდობიანი გადაადგილება ზედა მიმართულებით, პოლიციის წარმომადგენლმა უპასუხა, რომ მიმდინარეობს დაკარგული ნიკოლოზ ანთიძის ძებნის ოპერაცია და პოლიციას აქტივისტების გადაადგილების გამო ვეღარ უზრუნველყოფდა წესრიგის სათანადოდ დაცვას.

“მიმდინარეობს ნიკოლოზ ანთიძის ძებნა.ხეობაში არსებული ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე პოლიცია ვერ უზრუნველყოფს იქ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. გამოხატვის თავისუფლებას რა თქმა უნდა არ ვზღუდავთ და პოლიცია არის ამ მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე. თქვენ შეგიძლიათ აქ გააგრძელოთ მშვიდონიანიპროტესტი,”- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ისინი დიალოგის პროცესში იმისთვის მონაწილეობენ, რომ საზოგადოებამ დაინახოს, თუ რამდენად უკანონოა მეორე მხარის ქმედებები.

“ეს როგორც ჩვენი ეკონომიკის მინისტრი იტყვის არის პასუხი პასუხისთვის. განა არ ვიცით რას გვეტყვიან, უბრალოდ ამ დიალოგს აზრი იმისთვის აქვს ჩვენთვის რომ საზოგადოებამ შეხედოს, რამდენად უკანონოა მათი მოქმედება,”- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, უკვე 170-ე დღეა აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და ამ პროექტის განხორციელებას რეგიონისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები