ირაკლი ჯინჭარაძე ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებული დარღვევები დასახელდა.
ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, მისი გათავისუფლება საკრებულოში ხმაურიანი განცხადებებს უკავშირდება.
ამასთან ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ ოფიციალური ბრძანება გათავისუფლების შესახებ ჯერ არ მიუღია და საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში დავას არ გამორიცხავს.
„თანამდებობიდან გათავისუფლებას ვუკავშირებ ჩემს განცხადებას სანაპიროს გასხვისებაზე. აუდიტის დასკვნა დიდი ხანია ცნობილია და იქ მნიშვნელოვანი დარღვევები არ არის. არაფერი დამიშავებია და მომიპარავს. თითქოს რაღაც შეცდომა ნახეს. საკრებულოში გაკეთებული განცხადებების გამო დამსაჯეს და ეს მოსალოდნელიც იყო. მე სამსახურს ვნახავ, არ გამიჭირდება. ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი“,- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.
ცნობისთვის, 30 მარტს ბათუმის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა. უმრავლესობის წევრებს ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე დაუპირისპირდა და სანაპიროს ნაწილის ერთ-ერთი სასტუმროსთვის იჯარით გადაცემა გააპროტესტა.
ხმაურის შემდეგ საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს. იმავე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბულვარში ახალ მშენებლობებზე მორატორიუმი გამოაცხადა.