18 წლის ნარმის ისაიევას, რომელიც საგარეჯოს რაიონში, ლამბალოში მეზობელ სოფელში მცხოვრებ ბიჭზე დაინიშნა და საკუთარი ნებით აპირებდა გათხოვებას, ახლა ოჯახი ეძებს.
გოგონა, სავარაუდოდ, სხვა ბიჭზე გათხოვდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ნარმინ ისაიევას დანიშნულ ბიჭზე გათხოვება არ სურდა და სასიყვარულო ურთიერთობა სხვასთან აკავშირებდა. ამ ვერსიას ამყარებს მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გოგონამ წასვლის შემდეგ დეიდას გაუგზავნა. შეტყობინების მიხედვით, გოგონას სხვა ბიჭი უყვარს და ამის გამო ოჯახს ბოდიშს უხდის.
ოჯახი გოგონას უცხო ბიჭზე სიყვარულით გათხოვებას გამორიცხავს.
“ბიჭის ოჯახი რომ მოვიდა, ჩვენს შვილს ვკითხეთ და მინდაო ამ ბიჭს გავყვეო. გათხოვება მინდაო. სამჯერ ვკითხეთ და თანახმა იყო. სულ ტელეფონზე ლაპარაკობდა, ეჭვიც არ გამჩენია. თუ სხვას გაყვა გამოჩნდეს ის სხვაც, მაგრამ არ მჯერა, რომ თავისი ნებით გაყვა სხვა ბიჭს, ეს უყვარდა. ამ ბიჭსაც უყვარდა, სულ ძვირფასეულობას ჩუქნიდა. ახლა რა მოხდა არაფერი ვიცი,” – ამბობს ნარმინ ისაიევას დედა.
თურალ ჯაფაროვია, ვისაც გოგოზე უნდა ექორწინა, მედიასთან არ კონტაქტობს. მის ოჯახში კი ამბობენ, რომ მომავალი სარძლოს გაუჩინარებაზე ვერსიები არ აქვთ, უკან დაბრუნების შემთხვევაში, გოგონას მიღებას არ აპირებენ და ნიშნობაში მიტანილი საჩუქრების დაბრუნებას ითხოვენ.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო გამოძიება.