“ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში უარესდება. იმისთვის, რომ მომავალში სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება და მკაცრი ზომებს დაწესების აუცილებლობა თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია, არსებული რეგულაციები დავიცვათ.
საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებების, მაგალითად, ქორწილის, ნებისმიერი იუბილეს, ქელეხისა და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა იკრძალება, – შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთანავე, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს.
გარდა ამისა, თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე. ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულებელყოფა დაუშვებელია.
როგორც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა, მათ შორის, ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.”, – განაცხადა ღიბრაძემ.