ზესტაფონში სპორტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სპორტის საერთაშორისო დღეს შეუერთდა. მუნიციპალიტეტის მერიამ, სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს სპორტული აქსესუარები გადასცა. ამის შესახებ “კვირას” ზესტაფონის მერიიდან აცნობეს.
“ღონისძიება, რომელიც სპორტის დღეს ეძღვნებოდა, მიხეილ სალაძის, სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში ჩატარდა და მას ზესტაფობნის მერი, გიორგი გოგლიჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სპორტული მიღწევებისთვის, მწვრთნელებს და მათ აღსაზრდელებს, თასი, სიგელები და მედლები გადასცეს.
ზესტაფონის მერმა, ახალგაზრდებს, სპორტის დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს და აღნიშნა, რომ ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამის ხელშესაწყობად ყველაფერს გააკეთებს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, ყველა შეუერთდა „თეთრი ბარათის“ კამპანიას, რომელიც სპორტის საერთაშორისო დღეს იმართება და მისი დევიზია „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.