შუახევის მოსახლეობა პრიორიტეტული პრობლემების შერჩევას განაგრძობს – მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები საერთო კრებებს მართავენ
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გორის, მახალაკიძეები და დარჩიძეები საერთო კრებები გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.
“ადგილობრივებს, ხელმძღვანელმა პირებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამასა და მასში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ და ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნეს, რაც მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში განხორციელდება გარდა სოფლის მხარდაჭერით განსახორციელებელი მცირემასშტაბიანი პროექტისა.
შეხვედრებზე კენჭისყრის შედეგად სამივე სოფლის მოსახლეობამ გარე განათების კეთილმოწყობა დაასახელა.
მიმდინარე წელს, შუახევის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 628 000 ლარი დაიხარჯება. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიოდში მათი განხორციელება დაიწყება.
დღესვე, ხელმძღვანელი პირები აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ფრიდონ მახარაძის ოჯახს სტუმრობდნენ. ასევე სოციალური აქციის ფარგლებში, დარჩიძეებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ზურაბ ცეცხლაძის ოჯახს პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.