სიღნაღში, 8 სოფლის უწყევტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. სამუშაოებს საქართველოს მთავრობა 27 მილიონი ლარით აფინანსებს.
სოფლებში სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია გაეცნენ.
“სიღნაღის მუნიციპალიტეტში საკმაოდ მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს – დაახლოებით, 315 კილომეტრი ქსელი მოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 14 რეზერვუარს. გარდა ამისა, აშენდება ახალი რეზერვუარები, ასევე გაკეთდება 18 ჭაბურღილი. სოფლები – ანაგა, ვაქირი, საქობო, ბოდბისხევი, ტიბაანი, ჯუგაანი, ქვემო ბოდბე, ქვემო მაღარო – ამ პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებს 24 საათიან, მაღალი სტანდარტით დამუშავებულწყალს“, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
პროექტი სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელისა და ჭაბურღილების მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, აშენდება ახალი რეზერვუარები, წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატორო.
სამუშაოების დასრულების შედეგად, 8 სოფლის მოსახლეობა, რომელიც რამდენიმე ათეული წელია გრაფიკით და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად– 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.