გურიის ხუთ სოფელში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს
რეგიონებში ეპიდვითარება რთულდება. მეორე დღეა გურიის ხუთ სოფელში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რეგიონში ინფიცირების დღიურმა შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა. ასევე კონტროლი გამკაცრდა კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში.
გიორგი სახოკიას თქმით, მობილური ჯგუფები კარდაკარის პრინციპით ამოწმებენ მოსახლეობას.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვმა მოიმატა.
დაკომპლექტდა მობილური ჯგუფები, რომლებიც შედგება ეპიდემიოლოგებისგან და ისინი კარდაკარის პრინციპით ამოწმებენ მოსახლეობას. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ხდება კოვიდტესტირება. თუ ეს ღონისძიებები საკმარისი არ იქნება, მერე ვისაუბრებთ დამატებით ღონისძიებებზე“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში.
შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, მამუკა საღარეიშვილის თქმით, კასპის მუნიციპალიტეტში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.