“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხეობის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს” – „ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორი
დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებთან, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს პროექტისა და მისი მნიშვნელობის მიმართ, შევძლებთ საერთო ენის გამონახვას და შემდეგ უკვე საერთო მიზნების დასახვას და შესრულებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნამახვანის“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
„დღეს არის პირველი დღე, როდესაც მე, როგორც გუნდის ახალი წევრი, ვუერთდები ჩემს თანამშრომლებს და მინდა მოვინახულო ყველა სამშენებლო მოედანი, სადაც მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამშენებლო პროცესი. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ პროექტზე და ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ამ პროცესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებთან, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს პროექტისა და მისი მნიშვნელობის მიმართ, შევძლებთ საერთო ენის გამონახვას და შემდეგ უკვე საერთო მიზნების დასახვას და შესრულებას. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენმა კომპანიამ სრული მზაობა გამოუცხადა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ინიციატივებს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ყველა დასკვნასა და მასალას. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ გავაფართოვოთ ჩვენი სოციალური პაკეტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხეობის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მას მოუტანს. დაწყებულია სხვადასხვა პროექტზე მუშაობა, შესყიდულია თაფლი, მხარდაჭერილია მეღვინეობა. კიდევ უფრო გავაქტიურდებით და იმ დავადგენთ იმ პროექტებს, რომლებზეც ერთობლივად შევჯერდებით ადგილობრივ მოსახლეობასთან“, – განაცხადა ლომინაძემ.