თავდაცვის მინისტრი: არჩილ ტატუნაშვილი მაგალითია როგორც სამხედროებისთვის, ისე – სამოქალაქო პირებისთვის
არჩილ ტატუნაშვილი მაგალითია როგორც სამხედროებისთვის, ისე – სამოქალაქო პირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, წამებით მოკლული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.
„არჩილ ტატუნაშვილი მაგალითია როგორც სამხედროებისთვის, ისე – სამოქალაქო პირებისთვის. მან გვიჩვენა, როგორ უნდა მოვიქცეთ საომარ მდგომარეობაში, როგორ უნდა გამოვავლინოთ ვაჟკაცობა საზოგადოებრივი ვალდებულების შესრულების დროს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა. იგი 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის ე.წ. ციხეში წამებით მოკლეს.