თეა ახვლედიანი: ჩვენ ვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სახელმწიფო უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვს.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია პატიმრების გაცვლაზე საუბარი, როგორც ამას გახელაძის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, მინისტრი აცხადებს, რომ ასეთ თემებზე საოკუპაციო რეჟიმთან არ საუბრობენ.
“პირველ რიგში მე არ ვფლობ ამაზე ინფორმაციას, მეორე – საოკუპაციო რეჟიმთან ჩვენ მსგავს თემებზე არ ვსაუბრობთ და ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას”, – თქვა ახვლედიანმა.
მისივე განცხადებით, ზაზა გახელაძისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს.
“საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის და მისი უმძიმესი შედეგების გამო, სახეზეა ძალიან უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ერთ- ერთი გამოხატულებაა ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები. იცით, რომ დღეისათვის უკანონო პატიმრობაში ზაზა გახელაძესთან ერთად იმყოფება ჩვენი რამდენიმე მოქალაქეც, რომელთა დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით, ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისი ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის ზაზა გახელაძის გათავისუფლების თემა იყო უმთავრესი მარტის ბოლოს გამართული ინციდენტებისა პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში. საკითხი ამ უკანონო დაკავებების არის ნამდვილად რთული და განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას”, – განაცხადა ახვლედიანმა.