ეკატერინე დგებუაძე სკოლებში ინფიცირების შემთხვევებზე: სხვადასხვა პარამეტრი ოდნავ გაზრდილია, რაც საგანგაშოა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სკოლებში კოვიდინფიცირების ზრდასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ბოლო კვირაში  ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა

ეკატერინე დგებუაძე სკოლებში ინფიცირებულთა რიცხვის მატებას საგანგაშოდ მიიჩნევს და მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის ზედმიწევნით დაიცვისკენ მოუწოდებს.

“ფაქტი, რომ სკოლებში ვირუსთან საბრძოლველად ჰიგიენა მაღალ დონეზეა დაცული, სამინისტროს მიერ მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხული სტატისტიკაც ადასტურებს, რომლის თანახმად, სწავლის განახლებიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე პროცენტულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა მინიმალურია. თუმცა, მიმდინარე კვირის მონაცემებით, სხვადასხვა პარამეტრი ოდნავ გაზრდილია, რაც საგანგაშოა. პოზიტიური შედეგების შესანარჩუნებლად, პროტოკოლის მუდმივი შეხსენება და მაქსიმალური ყურადღება აუცილებელია.

უკანასკნელი ერთი კვირის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა. 2085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი. ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა ორი სკოლა და 17 ცალკეული კლასი”, – თქვა დგებუაძემ.

მან ბრიფინგზე ასევე ისაუბრა რისკ ჯგუფში მყოფ მასწავლებლებზე, რომლებიც დისტანციურ სწავლების რეჟიმში იმყოფებიან.

რაც შეეხება რისკ ჯგუფში მყოფი მასწავლებლების რაოდენობას, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით სკოლას თავად მიმართეს და შეღავათი გაეწიათ, ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 91 პედაგოგი იმყოფება.

როგორც წესი, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება, რის შემდეგაც აღნიშნული სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები