Fair trees-მა ონის მერიას შშმ პირთათვის სამედიცინო ინვენტარი გადასცა
ონის მუნიციპალიტეტის მერიას ფონდმა “Fair Trees Foundation” შშმ პირთათვის უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ინვენტარი – სამედიცინო საწოლები, სამედიცინო გასაბერი ლეიბები, ვოლკერები (ჭოჭინა) და ყავარჯნები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მერმა დავით ჩიკვაიძემ და მისმა მოადგილემ ეკა მაისურაძემ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურთან ერთად, სამედიცინო ინვენტარი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბენეფიციარებს გადასცა.
“მადლობას ვუხდით „Fair Trees Foundation”-ის ხელმძღვანელობას მარიანა ბოლსს, ჟანა ბაბუნაშვილს და ციცი ჯანგიძეს თანამშრომლობისთვის. ონის მუნიციპალიტეტის მერია კვლავაც გააგრძელებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე ზრუნვას, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.