ახალციხეში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
ქალაქის სხვადასხვა უბანში, ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიასა და საბავშვო ბაღების ეზოებში კატალპის, ცაცხვის, ნეკერჩხლისებრთა ოჯახიდან დიადი ბოყვის და კედრის 705 ძირი ხე-მცენარე დაირგო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
“გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ლომიძემ და მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ. აქციას შეუერთდნენ, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და და მერიის დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირების თანამშრომლები.
ნერგები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ “ახალციხის სერვის ჯგუფის“, „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ და „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირების“ ერთობლივი ორგანიზებით იქნა შეძენილი”,-ნათქვამია განცხადებაში.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთნ ერთად, მნიშვნელოვანია გამწვანების ღონისძიებები, ახალი ნარგავები გააუმჯობესებს ქალაქის იერ-სახეს და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
ცნობისთვის, რეკრეაციულ ზონებში და გზისპირებზე არსებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.