ხონში გზის 10კმ-იანი მონაკვეთისა და 2 ხიდის მშენებლობა დასრულდა
ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალსა და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტირებული გზა ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.
„ძეძილეთი-გორდი-ნოღას საავტომობილო გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა და მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხასა და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს უზრუნველყოფს. ამ გზით სოფლები: გაღმა ნოღა, გამოღმა ნოღა და ძეძილეთი საქართველოს საავტომობილო გზების ქსელს უკავშირდებიან.
პროექტი მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამცირებს გადაადგილების დროს და მანძილს პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით. პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონამდე მისვლა 60 კმ-ის ნაცვლად, უკვე მხოლოდ 20 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გზისა და ხიდების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16.5 მილიონი ლარით დაფინანსდა.