ეკატერინე დგებუაძე სკოლების მონიტორინგს აგრძელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ამჯერად, მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, პირადად შეაფასა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე დგებუაძე და მაია ხაჯიშვილი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრნენ და უშუალოდ მათთან განიხილეს პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

აჭარაში სასწავლო პროცესი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით მიმდინარეობს და მოსწავლეთა ადგილზე დასწრების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ეკატერინე დგებუაძის თქმით, აჭარის რეგიონში ვირუსის გავრცელების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების კუთხით მნიშვნელოვანია, სასკოლო საზოგადოების თითოეულმა წევრმა ზედმიწევნით დაიცვას სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა თითოეული სკოლის დირექტორს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს პანდემიის დროს უჩვეულო რეალობასთან მყისიერი ადაპტაციისთვის. მისი თქმით, დისტანციური სწავლების პირობებში არსებულ არაერთი გამოწვევის მიუხედავად, მათ წარმატებით გაართვეს თავი სასწავლო პროცესის გამართულად ორგანიზებას.

ბოლო კვირის მონაცემებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აჭარაშიც, სკოლებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში სრულ დისტანციურ სწავლებაზე არც ერთი სკოლა არ იმყოფება. რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, მხოლოდ 5 კლასი აგრძელებს სწავლას დისტანციურ ფორმატში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები